“ხშირად ვკითხულობ ოჯახურ ამბებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში უზიარებენ ხოლმე ერთმანეთს და მინდა, ჩემი ამბავიც მოვყვე, იქნებ მირჩიონ რამე ჩემს მდგომარეობაში მყოფმა ქალებმა…
თითქოს ისეთი არაფერი ხდება, რაც თვალსაჩინოა და შეიძლება, სკანდალი ატეხო, მაგრამ ხომ არის, ადამიანები ფსიქოლოგიურად რომ ძალადობენ და განადგურებენ? ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვარ და ჩემს ქმარს ვერ გავაგებინე, რა პრობლემა მაქვს. ერთადერთი პასუხი აქვს – დაიკიდე. და როგორ დავიკიდო, როცა ერთ სახლში ვცხოვრობთ და მუდმივად ვარ ამ განცდებში?
საქმე ისაა, რომ უკვე მეორე წელია რძალი ვარ. შემოსვლის პირველი
დღიდან მე არ მიგრძნია, რომ
აქ დიასახლისი ვარ. ჩემმა დედამთილმა თავიდანვე მითხრა, მე არ მინდა, არასაჭიროდ ვიგრძნო თავიო და აქ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოსო, ამიტომ არაფერი შემიცვალოო. წარმოიდგინეთ, ამ სახლში ვცხოვრობ და არ მაქვს უფლება, ნივთს სამზარეულოში ადგილი შევუცვალო. იტყვით, გააკეთე და დაიკიდეო, მაგრამ რამდენჯერაც რაღაც დამავიწყდა ან გავბედე ცვლილება, ისეთები დაიმართა, საერთოდ შევეშვი – იბუტება ან ისეთ შენიშვნებს გეტყვის, საერთოდ აღარ იზამ მეორედ. საჭმელებსაც ისეთს ვაკეთებ მოსვლის დღიდან, რასაც ის არ აკეთებს, რომ არ ჩამერიოს მითითებებით, ეს ისე უნდა და ეს ასე. წარმოიდგინეთ, ვცდილობ მალე გავაკეთო ყველაფერი და მოვრჩე, რომ თავზე არ დამადგეს სამზარეულოში.
თუ ღამე არ არის, მე და ჩემი ქმარი ვერ განვმარტოვდებით ოთახში. ერთხელ საძინებელში შემომიტანა ყავა დილას და ისე გადაირია დედამისი, მე რაო, მარტო უნდა ვიჯდე და თქვენ იქით შეიკეტოთო? მე რაო, ვერ ვსვამო ყავასო? წარმოგიდგენიათ? ნული ინტიმი და პირადი სივრცე.
ყიდვა მოგინდება რამის? ჯერ უნდა ჰკითხო დედამთილ-მამამთილს, გაიაროს ათასგვარი ცენზურა და დაგდონ პატივი და დაგთანხმდნენ. მოიტან და იმას დაუწყებენ შემოწმებას ათასნაირად. ერთხელ მომინდა, საძინებელში ჭაღი გამომეცვალა, ანუ იქ, სადაც მე და ჩემი ქმარი ვართ შეყუჟული. გავბედე და ვიყიდე ჩვენი არჩეული. რომ მოვიტანე, ისეთები დაიმართეს ცოლ-ქმარმა, ჩვენ რატომ არ გვკითხეო, ასე თვითონ რატომ წყვეტთო და ა.შ., ისე გადავირიე, შევახვიე ისევ ის ჭაღი და დავაბრუნე. საერთოდ გამიქრა ინიციატივა რაიმე გადაწყვეტილების მიღების სახლში. ვიტყვი რამეს და დაიკიდე… როგორ დავიკიდო, ჩემი ქმარი გადის და მე ვრჩები მთელი დღე ამ ქალთან. და უნდა ვიტანო მისი შენიშვნები და გაბუტვები… არ გამომდის დაკიდება…
ესეც არ არის მხოლოდ. მუდმივად ცდილობს დამამციროს და საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს. მეო ისეთი ლამაზი ვიყავიო, ახლაც ისეთი ფეხები მაქვსო, ბევრს შეშურდებაო (თუმცა ასე არ არის, ობიექტურად ვამბობ). “შენ ეს არ ჩაგეტევა”, “შენ ეს არ მოგიხდება”, “ეს უფრო კარგი ტანის გოგოებისთვისაა” – სულ მაგონებს ასეთ ფრაზებს. სულ იმის ძახილშია, რომ თვითონ ძალიან კარგი დიასახლისია, ყველაფერი იცის. სარეცხს გავფენ, ხელახლა ფენს, საწოლს გავასწორებ, ხელახლა ასწორებს… ქმარს შარვალს გავუუთოვებ, ხელახლა აუთოვებს ან შეხედავს და იტყვის რამე მწარეს… მის თვალწინ ვერც ვაკოცებ, ისე იბზუებს პირს. თვითონ კი მივარდება ჩემ თვალწინ და დაუწყებს კოცნას და მოფერებას, ჩემი სიცოცხლე და ჩემი საუკეთესო… საჭმელსაც კი, წარმოიდგინეთ, რაც შეიძლება ცოტა დარჩეს, გადაინახავს ცალკე და მეტყვის, ეს ბიჭს შევუნახოთ…. მე შემიძლია ბაზარში წასვლა და ტვირთის თრევა, ჩემს ქმარს თუ ვთხოვე დახმარება, თავს იგიჟებს დედამთილი, მაგას არ დააჭერინო, მაგას ნუ ტვირთავ და ა.შ.
ახლა ორსულად ვარ და თუ გგონიათ, რამეში მიფრთხილდება, ძალიან ცდებით. პირიქით, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება ვაკეთო, მთავარია, მისი შვილი არ შეწუხდეს. ჯერ სანამ დავორსულდებოდი, ტვინი გაბურღა, ვინმე ხომ არ გყავს უშვილოო? მაიძულებდა, ექიმებთან მევლო და გამომეკვლია, წელიწადი გავიდა და რატომ არ დავორსულდი. ისეთ სტრესში ვიყავი, ისედაც ვნერვიულობდი და ესეც მიმატებდა… სამწუხაროდ, ცალკე გასვლის შანსიც არაა და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ვიცი, რომ შვილის დაბადების შემდეგ კიდევ უფრო რთული გახდება ამის ატანა. მე კი მინდა, რომ შვილი დამოუკიდებლად გავზარდო და თან არ შემიძლია ჩხუბი და კონფლიქტები. მაშინ უნდა წავიდე და ოჯახი დავანგრიო…
არადა, ხომ არ არის ფიზიკური ძალადობა? მაგრამ ისეთ სტრესში და წნეხში ვარ, ეს არანაკლებია. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე…”
რუსა, 27 წლის