Flekosteli

წლებით ნაშენი სამაგალითო ოჯახი ერთ დღეს ჩემომექცა თავზე. რას ვიფიქრებდი, თუ ოცწლიანი თანაცხოვრება ასე დასრულდებოდა და ცოლი გამითხოვდებოდა. სანამ ვმუშაობდი, ცოლს და შვილებს არაფერს ვაკლებდი.

ჩემს მეუღლეს ერთ დღესაც არ უმუშავია, დიასახლისი იყო და საკმაოდ კარგად უძღვებოდა სახლის საქმეებს. ორი არაჩვეულებრივი შვილი გამიზარდა. ბოლო სამი წელია, სამსახური დავკარგე, არადა ოჯახში ერთადერთი მარჩენალი მე ვიყავი. ძალიან გაგვიჭირდა. რას არ მოვკიდე ხელი, მაგრამ არ გამიმართლა. მოკლედ, ჩემმა ცოლმა შემომთავაზა: მოდი, უცხოეთში წავალ, სულ რაღაც ორი წელი რომ ვიმუშაო, ცოტას წელში გავიმართებით, ფულს გამოვგზავნი, მანამდე იქნებ შენც დაიწყო მუშაობა და მერე კი ჩამოვალო.

თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ სხვა გზა არ იყო. დავურეკეთ მის ბიძაშვილს, რომელიც წლებია, უცხოეთშია და ყველაფერი კარგად გამოვკითხეთ. დახმარებასაც დაგვპირდა. ფული ვისესხეთ, საბუთები გავამზადეთ და გავამგზავრე ჩემი ცოლი. ძალიან გამიჭირდა მის გარეშე, სახლი დაცარიელდა, მაგრამ იმ იმედით ვიყავი, რომ ეს დროებითი იყო და მალე დაბრუნდებოდა. ფულსაც აგზავნიდა, ვალებიც გავისტუმრეთ და ცოტა ამოვისუნთქეთ. თითქმის ყოველდღე გვესაურებოდა ინტერნეტით. ამ შემოდგომაზე მეგობარმა თავის ბიზნესში ჩამრთო, დამასაქმა. იმდენს კი ვშოულობდი, ოჯახი მერჩინა. ცოლს ვუთხარი: ჩაალაგე ბარგი და დაბრუნდი, ღმერთის წყალობით, აღარ გაგვიჭირდება, სამსახურში კარგად ვარ, შვილებს და შენ არაფერს მოგაკლებთ, ძალიან გვენატრები და გვაკლიხარმეთქი.

იუარა, იყოყმანა, დაიბნა: ცოტა ხანს კიდევ დავრჩები, ფულს კიდევ მოვაგროვებ, რას გვეყოფა შენი შემოსავალი, ცოტაც მაცალეთ და ჩამოვალო. რას ვიფიქრებდი, თუ კაცის გამო მიგვატოვებდა. რა დაიმალება? ბოლოს გამომიტყდა, რომ ვიღაც შეძლებულ კაცზე აპირებდა გათხოვებას. კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ამ ასაკში ისეთი სტრესი მივიღე, ისეთი შეურაცხყოფა და თავზე ლაფის დასხმა, სიკვდილი მინდოდა. ჩემი ბრალია, არ უნდა მიმეცა უფლება, წასულიყო, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ გვქონდა.

მისგან არასოდეს მიგრძნია გულგრილობა, არც სხვა კაცისადმი ინტერესი, უსაზღვროდ გვიყვარდა ერთმანეთი და რას წარმოვიდგენდი, უცხოეთში ფუფუნებაში ცხოვრების გამო თუ მკრავდა ხელს და ამდენი წლის ოჯახურ თანაცხოვრებას ხაზს გადაუსვამდა. შვილებიც გაბრაზდნენ, თუმცა დედაა და აპატიეს. ფოტო დადო სოციალურ ქსელში, როგორ ეხუტება იმ კაცს და ამან საბოლოოდ გამანადგურა. შვილებს ჰპირდება, აქ ჩამოგიყვანთ, ცხოვრებას აგიწყობთ და უზრუნველად იცხოვრებთო. ამათაც მეტი რა უნდათ? დედას უჯერებენ, მის ამანათებს სიხარულით მოარბენინებენ სახლში და იცვამენ და იხურავენ. მე კი დავდივარ განადგურებული.

რას წარმოვიდგენდი, თუ ამას იკადრებდა და ასე მიმაგდებდა. ჩემთვისაც აგზავნიდა რაღაცებს და გავაფრთხილე, არ გაბედო და ჩემთვის არაფერი გამოაგზავნო, არ მჭირდება, მაგ ვაჟბატონს მიხედე, ჩემთვის აღარ არსებობ-მეთქი. მიხვდა, რომ მისი საქციელის გამო ჭკუიდან ვარ გადასული და აღარ მეკონტაქტება. სოციალურ ქსელშიც დავბლოკე. შვილებისგან ვიგებ მის ამბებს. მარტო მე კი არა, მისი დედმამიშვილები და ნათესაობაც გადარეულია.

ლანძღავენ, ეს როგორ იკადრა, ამას ნამდვილად არ მოველოდით მისგანო. მართალი ყოფილა, თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც ცივდებაო, არადა, იმ ასაკში ვარ, გვერდით საყვარელი ადამიანის ყოფნა ძალიან მჭირდება. არც ცოლის მომყვანი ვარ და ვერც საყვარელს გავიჩენ. ისე ვარ დათრგუნული და შეურაცხყოფილი, ქალის ხსენება, გაგონება და გაკარება არ მინდა. სადამდე გავუძლებ ამ დარდს, ტკივილს და შეურაცხყოფას, არ ვიცი. ახლა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ და ვდარდობ, შვილებიც იქ არ წაიყვანოს და მათაც სამუდამოდ არ დამაშოროს. ამას კი ნამდვილად ვეღარ გავუძლებ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში… მიშა, 47 წლის.

Facebook კომენტარები
Flekosteli