შეიძლება ამ წერილის გამო გამკიცხოთ და მითხრათ, – ამხელა ქალი რამ გადაგრიაო? მაგრამ რა ვქნა, თუ მართლა გადამრია ჩემმა ცხვირმოუხოცავმა რძალმა?!
16 წლის იყო, ოჯახში რომ შემოვიდა. ჩემი შვილი მასზე 3 წლით უფროსია. არ მინდოდა, ოჯახი ამ ასაკში შეექმნათ, მაგრამ გაჯიუტებული შვილი ვერაფრით დავაოკე. როგორც იქნა, შევეგუე იმ ამბავს, რომ ოჯახში კიდევ ერთი შვილი უნდა შემომსვლოდა და პატარძალი მთელი ზარზეიმით მივიღე.
შევეგუე იმ ამბავს, რომ კერძების მომზადება არ იცოდა; რომ ვერ ხვდებოდა, როდის რა უნდა გაეკეთებინა. ქმრის ტანისამოსის გარეცხვა კი არა, თავის ტანსაცმელსაც არ რეცხავდა. ვიფიქრე, დრო გავა და ყველაფერს ისწავლის-მეთქი, მაგრამ ახლა ისე გათავხედდა, რომ აბუჩადაც კი მიგდებს;
ისე მექცევა, თითქოს მისი მოსამსახურე ვიყო. რა ვქნა, ჯერჯერობით შვილის ხათირით, ამ ყველაფერს ვიტან, მაგრამ არ ვიცი, ნერვები როდის მიმტყუნებს. მეშინია, ჩვენ შორის უკმაყოფილება არ მოხდეს.
არ მინდა, შვილი დავაყენო არჩევანის წინაშე – ან ცოლი, ან მშობლები, მაგრამ ვგრძნობ, მალე დადგება ის დღე, როცა ამის გაკეთება მომიწევს. იმისიც მეშინია, რომ დათუნა არჩევანს მეუღლეზე გააკეთებს და ერთადერთ შვილს დავკარგავ.
შვილებო, მითხარით, დედათქვენი ჩემნაირ სიტუაციაში რომ აღმოჩნდეს, როგორ მოიქცევით, როგორ გავაგებინო ჩემს რძალს, რომ უფროსებს პატივი უნდა სცეს, რომ დედამთილს როგორც მოსამსახურეს კი არა, როგორც დედას, ისე შემომხედოს? მეტი აღარ შემიძლია, შეიძლება გული გამისკდეს.
ამას წინათ, როცა ჩემი შვილი სასწავლებელში იყო, დაქალები მოიყვანა და ცხვირწინ სიგარეტი გამიბოლა. არაფერი შევიმჩნიე. მერე მთხოვა, – სუფრის გაშლაში მომეხმარეო. რაც მქონდა, გამოვუტანე. მადლობაც კი არ მითხრა, უფრო მეტიც – მისაყვედურა:
მეტი არაფერი გვაქვს? გოგონებთან სირცხვილს შევჭამ და ეს თქვენი ბრალი იქნებაო. ჰო, თქვენობით მელაპარაკება, მაგრამ მირჩევნია, შენობით მელაპარაკოს, “დედა” არ დამიძახოს, ოღონდაც – ნუ დამგესლავს, მე ხომ ის შვილივით მივიღე..