Flekosteli

ოჯახი 8 წლის წინ შევქმენი. ბოლო დრომდე ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შარშან გაზაფხულზე ჩემს ქმარს რაღაც დაბნეულობა დასჩემდა

შინ უხალისოდ მოდიოდა ხოლმე, საათობით იჯდა გარინდებული და ერთ წერტილს უაზროდ მისჩერებოდა. რამდენჯერმე უნდა დაგეძახა, რომ პასუხი გაეცა. ვცდილობი, გამერკვია, რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ – ამაოდ.

აღარც ბავშვებს ეფერებოდა უწინდებურად, აღარც მე მეუბნებოდა საალერსო სიტყვებს. თავდაპირველად, მიზეზს ჩემს თავში ვეძებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი. დედამთილს ვთხოვე დახმარება. ერთ საღამოს დედამთილი გვეწვია სტუმრად.

მე და ბავშვები სასეირნოდ წავედით და ამით დედა-შვილს საშუალება მივეცი, გულახდილად ესაუბრათ. უკან მობრუნებულმა შევნიშნე, რომ დედამთილი უგუნებოდ გახლდათ. დილით, როგორც კი მეუღლე სამსახურში გავისტუმრე, დედამთილს მოლოდინით სავსე მზერა მივაპყარი. მან თავზე ხელი გადამისვა და მითხრა:

დროებითია შვილო ყველაფერი, მალე გაუვლისო – და მიამბო, რომ თურმე დათო შემთხვევით ძველ შეყვარებულს გადაჰყრია, რამდენჯერმე ერთმანეთს შეხვედრიან, ძველი სიყვარული გაუხსენებიათ და შენი ქმარი ძალიან ნერვიულობს, რომ ოჯახი არ დაენგრეს, რადგან ის გოგო თურმე ძალიან აქტიურობს, მოსვენებას არ აძლევს, სულ კუდში დასდევს და შეხვედრას კიდევ სთხოვსო.

ჩემი დედამთილი იმ გოგოს იცნობდა და თავის დროზე არც იმის წინააღმდეგი ყოფილა, რომ ისინი დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ ის გოგო მოულოდნელად სხვაზე გათხოვილა. დათოს ეს ამბავი ძალზე მტკივნულად გადაუტანია.

ამის შემდეგ დათოს მობილურიდან იმ გოგოს ნომერი ჩუმად ამოვიწერე, დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. არც ჩემი ვინაობა დამიმალავს. შევხვდით. ვთხოვე – ოჯახს ნუ დამინგრევ-მეთქი. მდუმარედ მისმენდა და მივხვდი, ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ ოჯახში სიტუაცია გამოსწორდა.

აი, ამ ამბავს მალავდა ჩემი ქმარი. დღემდე არ ვიცი, იცის თუ არა, მე და მისი პირველი სიყვარული ერთმანეთს რომ შევხვდით. შესაძლოა, იცის და ამასაც მალავს? კესო.

Facebook კომენტარები
Flekosteli