Flekosteli

შეუძლია ლოცვას, შეცვალოს სინამდვილე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

„ზოგისთვის ლოცვაა ლოცვითი კანონის შესრულება და ეს თავისთავად ცხადია: ძველქართულად ლოცვა, ანუ გლოცავ თხოვნაა; ებრალებისთვის „ლოცვა“ მწყობრში მოყვანაა.

უბრალოდ თხოვნა კი არა, გააზრება, გაცნობიერება, დაფიქრება. მაგალითად, ბიბლიაში წერია, ისააკი გავიდა ველად (სანამ რებეკას მოუყვანდნენ ცოლად) ფიქრისთვის თავის მისაცემად.

მეტსაც გეტყვით: ლოცვასაც აქვს საფეხურები. პატარა ბავშვს, ხომ, ვამეორებინებთ უცხო, ახალ სიტყვას? მივუთითებთ, ვაჩვევთ?! ბავშვი იმეორებს, გვიჯერებს მექანიკურად, მაგრამ იზრდება და მისი დამოკიდებულება ამ შეგონებების მიმართ იცვლება.

ლოცვის პირველი საფეხურიც ბავშვურია: ავალებ შვიდგზის ლოცვებს, დილისა და საღამოს ლოცვებს, ეს, დიახაც, საჭიროა, მაგრამ ამის მიზანია, რომ მივაჩვიოთ ლოცვას, შევაყვაროთ, რომ შემდეგ ის ადამიანის უწყვეტ მდგომარეობად იქცეს.

მოდი, ესეც ვთქვათ: ვინ ლოცულობს ჩვენგან? სული, სამშვინველი, სხეული თუ ტვინი?! სამშვინველი, სხეული და ტვინი აპარატია, ლოცულობს სული!

მაგრამ ჩვენ, ხომ, ცოდვის გამო მატერიაში ვართ ჩაფლულნი და ლოცვა საშუალებაა, რომ სულმა გაიღვიძოს!

მოძღვრებს ხშირად გვეკითხებიან: ვერაფერს ვგრძნობ და მაშინ რა აზრი აქვს ლოცვას, თუ მექანიკურად ვასრულებ კანონს?

ლოცვა სულის თვისებაა; ვამბობ, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო… არ მწამს, მაგრამ ღმერთისადმი მიმართვით ვცდილობ, გავაღვიძო სული;

მოვასმენინო მას ეს სიტყვები. თუმცა არ ესმის, ვინაიდან მკვდარია, ცოდვითაა გადაფარული, ერთხელაც, როგორც „იავნანამ“ გაახსენა ქეთოს თავისი სახლი, ისე გაახსენოს ამ ლოცვამ ჩვენს სულს, თუ ვინ არის სინამდვილეში.

ამიტომ შეიძლება, თავიდან მექანიკურადაც კი ილოცო, მაგრამ იქ არ უნდა დარჩე: მაშინ შენი ლოცვა ფარისევლობაში გადაიზრდება.

ძალიანაა დაზიანებული ჩვენი სული ფიზიკური სიკვდილით და ლოცვის, თუნდაც, მექანიკურად გამეორებით, მას ვწყვეტთ მიწას, რომ ისმინოს სულიერი.

და, როგორც კი სული ლოცვით, ნელ-ნელა გალღვება, გაიღვიძებს და დააგემოვნებს ღმერთს.

ჩვენ, ხომ, გრძნობის 5 ორგანოთი აღვიქვამთ სამყაროს?! სამყარო კი მატერიალურია, ღმერთი ამ მატერიალური სამყაროს მიღმაა და მასთან გრძნობის ამ 5 ორგანოთი ვერ მიხვალ.

სულმა უნდა მიგიყვანოს ღმერთამდე, სული კი ცოდვითაა ჩახერგილი; ლოცვით ერთგვარად ვასუფთავებთ სინათლის იმ ჩახერგილ გვირაბს, სადაც სულია გამომწყვდეული და ერთხელაც ეს სხივი ჩააღწევს სულში.

ამის შემდეგ ადამიანს აღარ დასჭირდება ლოცვითი კანონის შესრულება.

ლოცვებს სული ღმერთთან მიჰყავს და როგორც კი ის იგრძნობს ღმერთის სიტკბოს, მას აღარაფერში დასჭირდება ლოცვის წესების დაცვა: ადამიანისთვის ლოცვა ხდება უწყვეტი!

საბოლოოდ, ლოცვა სრული მყუდროება და მდუმარებაა, ჭვრეტა და შინაგანი გახევებაა; ფიქრიც კი აღარ მოძრაობს უკვე. სიტყვებით ლოცვა მაინც ფიზიკური აქტია, იმიტომ რომ ლაპარაკობ, რაც დამახასიათებელია მატერიალური სამყაროსთვის,

ანუ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია იმ დონისთვის, რასაც ჰქვია ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება, ვინაიდან, როდესაც ღვთის სანახები იწყება, უშუალოდ მისგან გამოსულ ნათელში ხვდები და ამ დროს ადამიანი წყვეტს მოქმედებას, ჩუმდება, იმიტომ რომ მეტასამყაროში გადადის, სადაც უბრალოდ ათვალიერებს, ჭვრეტს და აღარანაირი აქტივობა აღარ სჭირდება. უხეშ შედარებას მოვიტან:

ლოცვა ცვლის. რაც მთავარია: ყველაფერი შეიძლება, დაკარგოს ადამიანმა, ფიზიკური თავისუფლება, ეკლესია – ვერ იაროს ტაძარში, „სახარება“ არ ჰქონდეს, ერთი ლოცვაც კი, რომ წაიკითხოს, დილეგში იყოს, სიბნელეში, მაგრამ ლოცვა ისეთი რამაა, რასაც ვერაფრით წაართმევ სულს.

ჩამოხრჩობის მომენტშიც კი, მაღალი შენობიდანაც რომ გადმოვარდე, ცეცხლშიც რომ ჩაგაგდონ, რაც უნდა დაგემართოს, ყოველთვის შეგიძლია, წარმოთქვა ლოცვა და ერთ წამში შეუძლია ძლიერ ლოცვას, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს.

სხვათა შორის, ლოცვა მით უფრო მიდის ღმერთთან, რაც მეტად აქვს ადამიანს გამოცლილი საყრდენი. ჯვარცმულმა ავაზაკმა ერთი სიტყვა თქვა: შემიწყალეო და ცხონდა. მას მეტი გამოსავალიც არ ჰქონდა და არც დრო!

ნამდვილი ლოცვა სასწაულს იქმს მაშინ, როდესაც ეს განწირული სულის ძახილია, მაგრამ, როდესაც ადამიანს აქვს საყრდენი: პრობლემა არ აწუხებს, ნაჭამ-ნასვამია, ჩაცმულ-დახურული, მისთვის ლოცვა დეკორაციასავითაა. ლოცულობს, მაგრამ ასეთ ლოცვას გემო არ აქვს.

ლოცვას შემოაქვს ღვთაებრივი ნათელი, გვაერთებს დაკარგულ პირველწყაროსთან. 10-15-წუთიანი ლოცვით ცხონების იმედით ლოცულობ, თუ იმ იმედით, რომ ერთხელაც გაარღვევ წყვდიადს ლოცვის მეშვეობით და სული აღგდგება სიკვდილიდან?!

ამბობენ, დათვს, სანამ თაფლთან მიიყვანეს, ცალი ყური აახიეს, იმიტომ რომ არ იცოდა, სად მიჰყავდათ, მაგრამ, გემო რომ გაუსინჯა, რომ გამოეყვანათ, მეორე ყური აახიესო.

ლოცვა მიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ საშუალება, რომ მანამდე არ მოეშვა, სანამ შენს დაცემულ ბუნებას არ მიიყვან იმ მდგომარეობამდე, როდესაც ის გემოს გაუგებს ღმერთს! ამის შემდეგ არავის შეგონება აღარ დაგჭირდება, შენ უკვე იპოვე შენი გზა ღმერთთან.“,- ამბობს მამაო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

Facebook კომენტარები
Flekosteli