ყვავილების ასტროლოგია ეხმარება თითოეულს, მისთვის იდეალური მცენარე შეარჩიოს. მისი დახმარებით კი გაიუმჯობესებს ჯანმრთელობას, გაასუფთავებს ატმოსფეროს ირგვლივ. ასტროლოგიის მიხედვით, თილისმა-ყვავილის მოძებნა შეგიძლიათ.

ვერძი

ცეცხლოვან ნიშანს ალისფერი შეფერილობის ყვავილები მოეწონება. ნარინჯისფერით დაწყებული, ბორდოსფერით დამთავრებული. ეს შეიძლება იყოს სამეფო ბეგონია, ჯუჯა ბროწეული ან ეზოს ნემსიწვერა.

კურო

მათ დაბალტანიანი და ძლიერი მცენარეები მოსწონთ, რომლებიც ლამაზად ყვავილობენ. ისინი კუროს განწყობას გააუმჯობესებს. ასეთი მცენარეა გლოქსინია, ციკლამენი (იგივე ყოჩივარდა), ჰიაცინტი, მირტი, უზუმბარის ია.

ტყუპი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მსუბუქი და აქტიური ნიშანია. მისი მცენარე ფოთლოვანი და ხვიარა უნდა იყოს. მოეწონება ქლოროფიტუმი, ასპარაგუსი, სურო, გვიმრა. ამ მცენარეებს ჰაერის გაწმენდაც შეუძლიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტყუპისთვის.

კირჩხიბი

წყლის სტიქიის წარმომადგენელს წვნიან-ხორციანი ღეროთი და ტენიანფოთლიანი მცენარეები მოეწონება: აგავა, ფიკუსი, ალოე, კალანხოე. ეს მცენარეები კირჩხიბს ოჯახური სიმყუდროვის შექმნაშიც დაეხმარება. თაიგულისთვის გამოადგებათ ვარდი და იასამანი.

ლომი

ცეცხლოვანი და ძლიერი პიროვნების ნიშანია. ამასთანავე, ემოციური და შემოქმედებითი. მას მსხვილი მცენარეები მოეწონება. ვარდი (თეთრი და წითელი), ტიტა, ფუშფუშა ქრიზანთემა. ოჯახური ორანჟერიისთვის კი იაპონური კამელია, პალმა, გარდენია.

ქალწული

ჭკვიან და პრაქტიკულ ნიშანს ასტრა, პიონი, თეთრი შროშანი და მიხაკი მოეწონება. ხოლო ქოთნის ყვავილებიდან: ბონსაი, ქლოროფიტუმი, სინგონიუმი. ქალწულს უყვარს, როცა თაროზე მცენარეები ესთეტიკურად და ლამაზადაა ჩამწკრივებული.

სასწორი

ყველა ყვავილი (ვარდი, მიხაკი, ნარცისი, ჰორტენზია) მოეწონება, მთავარია, თაიგული ჰარმონიულად იყოს შეკრული. ქოთნის ყვავილებიდან უპირატესობა მიანიჭეთ დეკემბერას, კოდეუმს, ჩინურ ვარდს.

მორიელი

მიზანდასახული, ძლიერი ნიშანია. ყვავილებიდან მოეწონება ლურჯ და მუქი იასამნისფერ ყვავილიანი მცენარეები. აგრეთვე, ალისფერი და თეთრი თაიგულები. გაანებივრეთ ირისით, კალით ან შროშანით და თეთრი ვარდით. ქოთნის ყვავილებად გამოადგებათ კაქტუსი, ალოე და პიზონია.

მშვილდოსანი

ხალისიანსა და მოგზაურობის მოყვარულს გლადიოლუსების, ნარცისების, ველური მიხაკისა და ტიტების თაიგულით გაახარებთ. მათ მოსწონთ ცისკენ აზრდილი მცენარეები. ქოთნის ყვავილებიდან შეარჩევენ ფიკუსს, ორქიდეას, ჰერბერას და დრაცენას.

თხის რქა

შრომისმოყვარე, თავშეკავებული და პატივმოყვარე ნიშანია. ღირსების შეგრძნება მისთვის პირველ ადგილზეა. თხის რქას გაახარებთ ქრიზანთემით, ყაყაჩოთი, ფილოდენდრუმით. მას მოეწონება მცენარე ხავერდოვანი ყვავილითა და მკვეთრი სუნით. თხის რქას ყვავილების მოვლა მაინცდამაინც არ უყვარს, ამიტომ უპრეტენზიო “ცოცხალი ქვები” მოეწონება.

მერწყული

დამოუკიდებელ და თავისუფლებისმოყვარე ნიშანს ახალი აღმოჩენები და შთაბეჭდილებები იზიდავს. მას შროშანების, ჰერბერების, ტიტების, იასამნის კასკადური თაიგული მოეწონება. რაფაზე შეიძლება შემოდგას გვიმრასა და ფუქსიას ქოთანი.

თევზები

ჭკვიანი და მგრძნობიარე პიროვნებაა. მუდამ გულისთქმის კარნახით ცხოვრობს. უყვარს ოცნება. ყვავილებში მისი ფავორიტია შროშანი, იასამანი და ორქიდეა. თევზები სიამოვნებით მოუვლიან ქოთნის ყვავილებსაც. განსაკუთრებით, ფიკუსსა და ქოთნის ორქიდეას.